სიახლეები

რისკების მიმართ მდგრადობის პროგრამის გახსნა

რისკების მიმართ მდგრადობის პროგრამის გახსნა

ბათუმში ევროკომისიის რისკების მიმართ მდგრადობის გაძლიერების პროგრამის (DIPECHO) ოფიციალური გაიხსნა გაიმართა

2016 წლის 23-24 ივნისს ქ. ბათუმში ევროკომისიის რისკების მიმართ მდგრადობის გაძლიერების პროგრამა (DIPECHO) ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონული ინიციატივა დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ და ხორციელდება ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით: დანიის წითელი ჯვარი (Danish Red Cross), ოქსფამი (Oxfam), გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).

„ბრიჯ ინოვაცია და განვითარება“ პროგრამას, როგორც ოქსფამის პარტნიორი ორგანიზაცია, ახორციელებს თიანეთის, თელავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან თანამშრომლობით“ ხულოში, ქედასა და შუახევში.

პროგრამის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო, ხულოს, ქედას, შუახევის, დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ღონისძიების მეორე დღეს მოეწყო ზღვაში სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებისა და მოხალისე მაშველების მონაწილეობით.

პროგრამა „კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუტებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირებას და კატასტროფების მიმართ მათი მდგრადობის გაძლირებას. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, მზაობისა და რეაგირების კუთხით, ასევე ადვოკატირება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების დანერგვა განათლების სისტემაში და კატასტროფების რისკის გათვალისწინება სახელმწიფო გეგმებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.

  • AGAJ