სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი

„ბრიჯი“ ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის - „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის“, საქმიანობის კოორდინაციას და მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის გზით სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

„ბრიჯი“, როგორც აღნიშნული ალიანსის წევრი და კოორდინატორი ორგანიზაცია, მხარს უჭერს ალიანსს ერთობლივი ადვოკატირებისა და ლობირების საქმეში, ასევე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობაში. ვინაიდან კვლევითი და დოკუმენტური ბაზის ფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეფექტური პოლიტიკური დიალოგისთვის, „ბრიჯი“ აქტიურად ეხმარება  ალიანსს   იმ სფეროთა იდენტიფიცირებაში, რომელთა გაუმჯობესება და ამ მიზნით საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ალიანსის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.  ალიანსი ინკლუზიუირ გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს ფართო სპექტრის მონაწილეებს და უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისა და ერთიანი ადვოკატირებისთვის. მისი მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა  და სხვა ჩართულ მხარეებს შორის, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება, მცირემიწიანი ფერმერები, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები, კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 2013 წლიდან ალიანსი ეფექტურად ახორციელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების პოლიტიკის  შესახებ  ერთობლივი პოზიციის  კომუნიკაციასა და ადვოკატირებას,     რომელშიც  გათვალისწინებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის,  მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების  ინტერესები. კერძოდ, ალიანსმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინა რეკომენდაციები     სოფლის მეურნეობის განვითარების 2015- 2020 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ალიანსის მიერ მითითებული  სტრატეგიის  41 კომპონენტიდან  58% სრულად ან ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტში.